სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები

თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია განათლების კარგად გააზრებული და თანამედროვე გამოწვევებს მორგებული საგანმანათლებლო კონცეფციის  გარეშე. სახელმწიფოს კეთილდღეობა, მისი მომავალი, მონაწილეობა გლობალურ პროცესებში , განვითარება და აღმშენებლობა დამოკიდებულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, მაღალი პასუხისმგებლობის, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების მქონე განათლებული მოქალაქეების არსებობაზე, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ქვეყნისათვის საკუთარი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობა.
სიცოცხლის ადრეული წლებიდანვე ხდება ადამიანში გარკვეული ღირებულებების ჩამოყალიბება, მოგვიანებით კი სოციალიზაციის პროცესის მეშვეობით, მათი გამყარება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სოციალიზაციის პროცესის განუყოფელი, მეტიც, ერთ-ერთი წარმმართველი ფაქტორია და სწორედ ის უნდა უზრუნველყოფდეს თანამედროვე მოზარდების მომზადებას ზრდასრული ცხოვრებისათვის და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი საგნობრივი კომპეტენციების და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიღმა პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. პიროვნების საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები, საერთო კულტურა, მისი ღირებულებები, განვითარების პროცესი სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება და საგნის სწავლების ძირითადი მიზნებიც ამ მოცემულობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
გარდა ამისა, ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შესასწავლ საგნებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საგნობრივი პროგრამის თანახმად, „ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა“.
უმნიშნელოვანესია საგანმანათლებლო სტრატეგიების და კონცეფციების მორგება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და მოთხოვნებისთვის, რადგან გლობალური ცვლილებები, აზროვნების ახალი ტენდენციები, მეცნიერების  პერსპექტივები, ტექნოლოგიური მიღწევები ახალ რეალობას გვთავაზობს.
ჩვენს ქვეყანაში ენისა და ლიტერატურის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, მეთოდები, მიდგომები, საპროგრამო თხზულებები, აპრობირებული სასწავლო-მეთოდური პრატიკა – საგნის სწავლების არსებული კონცეფციის შემადგენელი ნაწილებია. საგანმანათლებლო საჭიროებების ცვლილებების, ტექნიკური პროგრესის და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით ჩნდება ახალი გამოწვევები და სირთულეები, რაც საჭიროებს კვლევას, რევიზიას და სისტემურ ცვლილებებს.
განათლების ეროვნულ მიზნებში, ზოგადი განათლების შესახებ კანონში და სხვა დოკუმენტებში დეკლარირებული მიზნებისა და გეგმების განხორციელება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნებისთვის გამოყოფილი საათების განმავლობაში. გაკვეთილი სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმაა და გაწერილი მიზნების რეალიზებას სწორედ ის უნდა უწყობდეს ხელს.
პრობლემები, რომლებსაც პირადი პრაქტიკული გამოცდილების განმავლობაში ვაკვირდებოდი, რამდენიმე თემატურ ჯგუფად გავაერთიანე:
წიგნიერების „იმიტაცია“
კითხვისა და წიგნისადმი ინტერესის შემცირება განსაკუთრებით აისახება ენისა და ლიტერატურის საგნის შესწავლის მოტივაციაზე. წიგნიერების ე.წ.“იმიტაციური“ გამოცდილება დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული და აპრობირებული მეთოდია. მოსწავლეები ეცნობიან ტექსტების მოკლე შინაარსებს, პერიფრაზებს, ეკრანიზაციებსაც კი.
შინაარსზე ორიენტირება
საგაკვეთილო პროცესში უმეტეს შემთხვევაში სასწავლო აქტივობები შემოფარგლება ნაწარმოების ე.წ.გარჩევით,  შინაარსის დამუშავებით, ისტორიულ-კულტურული მოცემულობის მწირი მიმოხილვით, ავტორის ბიოგრაფიის ზერელე გაცნობით ( დაბადება-გარდაცვალების და ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღების მიმოხილვით). ნაკლები დრო ეთმობა ანალიტიკური, მაღალი სააზროვნო უნარების გასააქტიურებელ სავარჯიშოებს, ინტერპეტაციას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე, ვერ ხერხდება ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და თანამედროვე აქტუალურ პრობლემებთან წაკითხულის დაკავშირება, თანამედროვე კონტექსტის თანახმად გააზრება. მიზეზი – დროის უკმარისობა და პროგრამული მასალის მოცულობაა. ტექსტის შინაარსის დამახსოვრება, მოკლე შინაარსის გადმოცემა ლიტერატურის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების მქონე ხელოვნების დარგის მნიშვნელობას აკნინებს. პროცესი ორიენტირებულია პრაგმატული მიზნის მიღწევაზე ( შინაარსის კარგად დამახსოვრება გამოცდის ჩაბარების წინაპირობაა).
საპროგრამო ტექსტების რაოდენობა და მოცულობა.
საათობრივი ბადით საგნისთვის გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი ამ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების სტანდარტთან შესაბამისად დასამუშავებლად. საპროგრამო მხატვრული ნაწარმოებების მხატვრული, კულტურული, ეროვნული, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით რომელიმე მათგანის დათმობა პრობლემურია. შესაბამისად, მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ჩამონათვალი გაცილებით აღემატება მათი შესწავლისთვის გამოყოფილ დროს.
შინაგანი მოტივაციის ნაკლებობა – მიზეზები:
პროგრამულ ტექსტებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ნაკლებადაა გათვალისწინებული მოსწავლეების ასაკი, ასაკობრივი თავისებურებები, ფსიქოემოციური განვითარება, ინტერესები. ფსიქოლოგიური ბარიერები ტექსტის გაგების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებულ ეპოქაში, სოციო-კულტურულ გარემოსა და პირობებში შექმნილი ტექსტების ამ რაოდენობით შესწავლისას მოტივაციის  შენარჩუნება. მოსწავლეთა ლექსიკური, სამეტყველო, ენობრივი, მხატვრული, ინტერტექსტუალური ( პარალელები სხვა ნაწარმოებებთან, ალუზიები…)და ექსტრატექსტუალური  კომპეტენციები საკმარისი არ არის მიწოდებული ტექსტების გასაგებად და გასააზრებლად.
ცხოვრებისული გამოცდილება და ტექსტების აქტუალობა
პროგრამულ ჩამონათვალშიც და სახელმძღვანელოებშიც მცირე ადგილი აქვს დათმობილი თანამედროვე ავტორების ტექსტებს, მოსწავლეებს არ ეძლევათ საშუალება გაეცნონ მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან თემებსა და მოტივებზე დაწერილ თხზულებებს, არადა ეს გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანია ლიტერატურისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ლიტერატურული კანონის ფარგლებში შერჩეული ტექსტები,  მიუხედავად უპირობო მაღალმხატვრული და კულტურული ღირებულებისა, ამგვარ გამოცილებას ვერ სძენენ ახალბედა მკითხველს.
მონოკულტურული ჭრილი
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოთა გრიფირების წესზე თანდართულ ინსტრუქციაში სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმების თაობაზე მითითებულია: „დ) სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ე) სახელმძღვანელო უწყობს ხელს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში. მიუხედავად ამისა, ლიტერატურის სწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გულისხმობს ლიტერატურის ნაციონალურ ჭრილში გააზრებას, ტრადიციულად დამკვიდრებული ლიტერატურის ისტორიის შესწავლას, ლიტერატურული ტექსტების გააზრებაც უმეტესად ჩაკეტილ, მონოკულტურულ ჭრილში ხდება.

ენობრივ-გრამატიკული ასპექტი
არასაკმარისი დრო ეთმობა ენობრივ-გრამატიკული კომპეტენციების დაუფლებას. გრამატიკული, სტილისტიკური,მხატვრული საშუალებების შესწავლა არასათანადო ხარისხით ხდება.  შედეგად მოსწავლეები ორთოგრაფიულ, სინტაქსურ, სტილისტიკურ, პუნქტუაციურ ნორმებს  სასურველზე ( მოსალოდნელზე) დაბალი ხარისხით ეუფლებიან. უჭირთ სხვადასხვა ტიპის და სტილის ტექსტების გამართულად წერა, გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.
ჩემთვის, როგორც  მასწავლებლისთვის, დასმული საკითხების სამომავლო კვლევა და ამ მოსაზრებების დადასტურება ან უარყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია. საინტერესო იქნებოდა კოლეგების მოსაზრებების და დამოკიდებულებების გაცნობა.
ქართული ენის სწავლების საკითხები
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებამ პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში ბევრი ცვლილება განიცადა, რაც განათლების სისტემაში გატარებულ ოცწლიან რეფორმებს უკავშირდება.  ამ რეფორმების შედეგად უკვე საკმაო მოცულობის  გამოცდილება დაგროვდა, რაც საშუალებას გვაძლევს, ზოგი რამ ახლებურად შევაფასოთ და ზოგიც გადავაფასოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების წინაშე დგას, ინტეგრირებული სწავლებაა, რადგან დეკლარირებული ინტეგრირება და რეალური მდგომარეობა ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულია. ამ განსხვავებამ კი ყველაზე მეტად ქართული ენა დააზარალა. იმისათვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს,  საჭიროა  არსებული მდგომარეობის  სერიოზული  კვლევა, რომელიც რეალურ სურათს დაგვანახვებს, შემდეგ  კი საგნის სპეციალისტთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებით  შესაძლებელი იქნება, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება მართლაც რეალურ და ეფექტიან   მოდელად იქცეს.

ცოტა რამ უახლესი ისტორიიდან. ცვლილებები ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რეფორმების პირველ ეტაპზე  დაიწყო, როცა დამოუკიდებელ საქართველოში ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნის საკითხი დადგა. სტანდარტები შეიქმნა სკოლაში შესასწავლი ყველა საგნისათვის, მათ შორის, ქართული ენისათვის.  ახალი სტანდარტის დამკვეთის (საქართველოს  განათლების სამინისტროს) მოთხოვნით ქართული ენა, ისევე, როგორც წინა ათწლეულებში, ცალკე საგანად მოიაზრებოდა, თუმცა მასში, რეალობიდან გამომდინარე, ცვლილებები უნდა შესულიყო. ქართული ენის ახალ სტანდარტზე (რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში მომზადდა)   მომუშავე ჯგუფმა  ქართული ენის გრამატიკის სწავლების მთავარი პრინციპი - სისტემურობა - უცვლელად დატოვა, თუმც  რამდენიმე არსებითი შინაარსობრივი ცვლილება განახორციელა: 1. პროგრამა აღარ ითვალისწინებდა მოსწავლეს დაეზეპირებინა ბგერათა ჯგუფები წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით, აქტიური და პასიური სამეტყველო ორგანოები; 2. სიახლე იყო მრგლოვანი ანბანისა და ძველი ქართული ენის რამდენიმე აუცილებელი საკითხის შესწავლა; 3. სახელთა წარმოქმნა და თხზვა, ასევე, თანდებულისა და ნაწილაკის სწავლება  სახელთა მორფოლოგიის სწავლებას დაუკავშირდა; 4. სირთულის გამო ზმნის კატეგორიების სწავლება  ორ კლასზე (VI-VII) გადანაწილდა; 5. ცალკე თავად გამოიყო სახელზმნის სწავლება;   6. გრამატიკის სწავლებასთან ერთად  გარკვეული ადგილი დაეთმო ენობრივი კომპეტენციისა და კომუნიკაციური კომპეტენციის ჩამოყალიბების  საკითხების სწავლებას (რაც შემდგომ მესამე საფეხურის კლასებისათვის ქართული ენის  სახელმძღვანელოების შექმნის საფუძველი გახდა); 7. თეორიული გრამატიკის  სწავლებისას უარი ითქვა  მოსწავლეებისათვის რთულ და დაუძლეველ საკითხებზე (მაგალითად, უღლების ტიპების სწავლება...) და ა.შ.
სწორედ ამ სტანდარტის მიხედვით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა სარეფორმო კლასებისათვის და დაიწყო ქართული ენის პირველი ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც ცალკე წიგნებად  დაიბეჭდა და სასწავლო პროცესშიც, ასევე, ცალკე საათები  ეთმობოდა. ალტერნატიული სახელმძღვანელოები  სპეციალურმა კომისიამ შეარჩია და გრიფი განათლების სამინისტრომ მიანიჭა.
წლობით დამკვიდრებული და ავტორიტეტული ავტორების  სახელმძღვანელოების ჩანაცვლება ახალი სახელმძღვანელოებით ადვილი პროცესი არ აღმოჩნდა. იყვნენ ცვლილებების როგორც მოწინააღმდეგენი, ასევე - მომხრენი. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები ჰქონდა...
სტანდარტის მოთხოვნის მიხედვით, ახალ სახელმძღვანელოებში გრამატიკის სწავლების თეორიული პრინციპი უნდა შენარჩუნებულიყო   და მთავარი აქცენტი მეთოდიკური ნაწილის  პრაქტიკულად საჭირო და საინტერესო დავალებებით გამრავალფეროვნებაზე უნდა გაკეთებულიყო. ტრადიციულთან ერთად თავისი ადგილი უნდა დაეკავებინა სწავლების ახალ, ინტერაქტიურ  მეთოდებს.
სახელმძღვანელოთა პირველივე კონკურსმა, რომელიც განათლების სამინისტროსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, პირველი სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა ქართული ენის სწავლების საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი არაკვალიფიციური გადაწყვეტილება, რომელმაც სათავე დაუდო შემდგომ  მრავალწლიან გაურკვევლობას ქართული ენის გრამატიკის სწავლების თვალსაზრისით.
კონკურსში გამარჯვებული ორი სახელმძღვანელოდან ერთი ქართული ენის გრამატიკის სწავლების ტრადიციულ სისტემურ კურსს ეფუძნებოდა, ხოლო მეორე სახელმძღვანელო ენის სწავლებას ფუნქციურად მოიაზრებდა. პირველი  ეყრდნობოდა 1997 წელს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ საგანმანათლებლო სტანდარტს ( კონკურსის დებულებით სავალდებულო დოკუმენტს), ხოლო მეორე სახელმძღვანელო მთლიანად უარყოფდა არსებული სტანდარტის მოთხოვნებს და საკუთარი კონცეფციის მიხედვით აგებულ სახელმძღვანელოს სთავაზობდა საზოგადოებას. ორი რადიკალურად განსხვავებული კონცეფციის სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭება უკვე იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიმართ უპასუხისმგებლო  დამოკიდებულების გამოხატვა.  რთული  არ იყო იმის განსაზღვრა, რომ მშობლიური ენის სწავლების თვალსაზრისით ამ ნაბიჯს  ქაოსი მოჰყვებოდა. სრულიად გაუმართლებელი იყო, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ერთი და იმავე კლასის მოსწავლეებს აბსოლუტურად განსხვავებულ ცოდნას ვთავაზობდით ერთსა და იმავე საგანში.  ამგვარი გადაწყვეტილება სხვა პრობლემებსაც ქმნიდა, რომელთა შესახებ კონკურსის შედეგების გამოქვეყნებისთანავე  ვწერდი: „ალტერნატიულ სახელმძღვანელოთა არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ერთი სხვა პროგრამას ემყარებოდეს, მეორე  - სხვას. ამ ორი წიგნის პარალელურად გამოყენება სწორედ ამის გამო    უამრავ პრობლემას შეგვიქმნის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. ერთი სკოლიდან მეორეში ან თუნდაც ერთი მეხუთე კლასიდან მეორეში მოსწავლის გადასვლა (რაც ასე ხშირად ხდება), სახელმძღვანელოთა შეუსაბამობის გამო უკვე სირთულედ გადაიქცევა“ („სახელმძღვანელოთა კონკურსი ქართულად“, გაზეთი „ახალი განათლება“, #30, 2002 წ.).
სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე სახელმძღვანელოებით მშობლიური ენის სწავლება შვიდი (V კლასი), ექვსი (VI კლასი) და ერთი წლის (VII კლასი) განმავლობაში გაგრძელდა ქართულენოვან სკოლებში. ყოველგვარი კვლევების გარეშე, ადამიანთა ვიწრო წრის მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების გამო პასუხი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აგეს.
მშობლიური ენის სწავლების თვალსაზრისით (და არა მარტო, მშობლიური ენისა) მეცნიერული კვლევების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, დღემდე   გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ვისიმე ნებითა და გემოვნებით ახალი სიურპრიზების წინაშე აღმოვჩნდეთ.
ინტეგრირებული სწავლება და ახალი გამოწვევები.  2006 წლიდან  ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის  მიხედვით  ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას დაედო სათავე. სამწუხაროდ, როგორც წინა წლებში, არც ეს გადაწყვეტილება დამყარებია მეცნიერულ კვლევებს (არ არსებობს მსგავსი მასალა), ამიტომაც ახალ სტანდარტსა და ახალ სახელმძღვანელოებს ახალი, შეიძლება ითქვას, წინანდელზე არანაკლები სირთულეები მოჰყვა. უმთავრესი პრობლემა ახალი საგანმანათლებლო სტანდარტი აღმოჩნდა, რომელიც  არ ითვალისწინებდა ქართული ენის ბუნებას და, სავარაუდოდ, მექანიკურად იმეორებდა  უცხოური ენების სწავლების სპეციფიკას. პრობლემურმა სტანდარტმა სათავე პრობლემურ სახელმძღვანელოებს დაუდო, ხოლო რთული გამოწვევების პირისპირ მასწავლებლები და მოსწავლეები აღმოჩნდნენ.   
ახალ  საგანმანათლებლო სტანდარტში  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისადმი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა გაცხადდა, ვიდრე ეს ათეული წლების განმავლობაში იყო.  ბუნებრივია, ახალი საგნობრივი პროგრამა (კურიკულუმი) და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებიც  ახალი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა და ქართულ სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლა  მეხუთე კლასიდან ერთი სახელმძღვანელოთი დაიწყო.
სპეციალისტთა და პედაგოგთა დამოკიდებულება  სწავლების ახალი მეთოდის მიმართ   თავიდანვე არაერთგვაროვანი  იყო.  არც ახლა, ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, არაა ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს უკვე  არგუმენტირებულად შეიძლება საუბარი, რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აღმოაჩნდა სწავლების ამგვარ  ფორმას.
ახალი რეალობისათვის შეუსაბამო აღმოჩნდა 2006 წლამდე არსებული  სწავლების ტრადიციული მეთოდები, რომლებიც მეხუთე კლასიდან ენისა და ლიტერატურის ცალ-ცალკე  (დამოუკიდებელი სახელმძღვანელოებით) სწავლების თავისებურებებს ითვალისწინებდა. ახალი მეთოდიკა კი დღემდე არ  შემუშავებულა.  შესაძლოა ამის მიზეზი გარკვეულწილად ისიც არის, რომ საგნობრივ მეთოდიკებს საქართველოში სერიოზული  ყურადღება არ ექცევა.  მიმდინარე ათწლიანმა პერიოდმა აჩვენა, რომ გადაუდებლად აქტუალურია ახალი მეთოდიკური სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს, რომ  საგანთა ორგანული გამთლიანება შეძლონ და დაძლიონ ინტეგრირებული სწავლებისადმი მექანიკური მიდგომა, როცა ენისა და ლიტერატურის საკითხები  ერთ გაკვეთილზე ისწავლება, მაგრამ  ყოველგვარი ორგანული კავშირის გარეშე.   ამიტომაცაა, რომ პედაგოგთა გარკვეული ნაწილი  ენისა და ლიტერატურის  ცალ-ცალკე  გაკვეთილებზე სწავლების ძველ მეთოდს დაუბრუნდა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც წლების წინ თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდნენ ენის სწავლების სისტემურ კურსს, რეალობიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ, რაღაც ფორმა მოეძებნათ არსებული ვაკუუმის შესავსებად.
დღეს საკითხი საკმაოდ დრამატულად დგას.  რა ვქნათ?  ახლა უკვე ინტეგრირებულ სწავლებაზე ვთქვათ უარი და  ძველ გზას დავუბრუნდეთ, როგორც ამას მასწავლებელთა ერთი ნაწილი ითხოვს?
თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ  ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულად  სწავლება ერთ-ერთი  საინტერესო და საჭირო ფორმაა, თუმცა, ფაქტია, რომ არასწორად გაგებული ინტეგრირება საფრთხეს უქმნის ამ  სტრატეგიის ეფექტიანობას. საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა  და ისეთი მობილური პაკეტის შექმნა, რომელიც საგნობრივ სასწავლო გეგმას, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და სწავლების მეთოდიკას (მასწავლებელთა კვალიფიკაციის სრულყოფისა და მოქნილი შეფასების სისტემის გათვალისწინებით) ერთ მთლიანობად აქცევს და პედაგოგს, რომელსაც მკაფიო ორიენტირები სჭირდება, დაეხმარება სწორად წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.
რადგან მშობლიური ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულად სწავლება არცთუ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა  ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, აუცილებელია ახალი გზების ძიება,   ახალი  მეთოდიკური სისტემის შემუშავება, რომელიც  საგანთა ახლებურად სწავლების საჭიროებებს შეუწყობს ხელს. ახალი მეთოდიკური მოდელის შექმნას კი წინ უნდა უსწრებდეს სწავლების არსებული მდგომარეობის კვალიფიციური და ობიექტური კვლევა.  დღემდე არ ჩატარებულა ფუნდამენტური კვლევა, რომელიც  ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულად სწავლებისათვის არსებული საგანმანათლებლო დოკუმენტების, სასკოლო და მეთოდიკური სახელმძღვანელოების, მოსწავლეთა შედეგების (სამივე სასკოლო საფეხურზე), სასკოლო გარემოსა და საგნის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ანალიზის შედეგებს დადებდა.
ამგვარი დეტალური კვლევა, დარწმუნებული ვარ, ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას დაგვანახვებდა და სამომავლოდ მაინც მოგვცემდა სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. ერთადერთი, რაც ყოველგვარი კვლევების გარეშე  დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ ყველაზე დიდი სირთულე ქართული ენის გრამატიკის  სისტემური კურსის  უარყოფა აღმოჩნდა. როგორც „სასკოლო განათლების სისტემის კონცეფციაშია“ აღნიშნული: „ქართული ენის სწავლებისას უარი ითქვა ქართული ენის გრამატიკის სისტემურ კურსზე და ენის  ფუნქციურ სწავლებას მიენიჭა უპირატესობა, რაც  თავისთავად საინტერესო ინიციატივა იყო, თუმცა, მისი რეალიზაცია საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ენისა და ლიტერატურის  ინტეგრირებას, არ ჩანს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა.  ქართული ენის შესწავლა ხშირ შემთხვევაში ლიტერატურის დანამატადაა  ქცეული“ (გვ. 25).
ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა დაუძლეველი სირთულე არაა.  ყველაზე რეალური გზა, შესაძლოა,  ქართული ენის სწავლების  სისტემურ-ფუნქციური (ე.წ. ჰიბრიდული) მოდელის შექმნა და ლიტერატურულ ტექსტებთან მისი ორგანულად  დაკავშირება იყოს.  ენის საკითხების  სისტემურ-ფუნქციური მეთოდით  სწავლების დროს პროგრამით შესასწავლი მთელი ენობრივი მასალა,  შესაძლებელია, სხვადასხვა მახასიათებლების     მიხედვით   გარკვეულ კატეგორიებად  დაიყოს და კონკრეტული საკითხის შესასწავლად კონკრეტული მეთოდის შერჩევა   ექსპერიმენტული კვლევების შედეგად მოხდეს.  
ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში  ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა  ინსტიტუტში დაიწყო ფიქრი ამ საკითხებზე.  გაანალიზდა  ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის მიხედვით შექმნილი მეშვიდე და მერვე კლასების ოთხი ალტერნატიული სახელმძღვანელო. გამოიკვეთა ის კონკრეტული პრობლემები, რომლებიც ამ სახელმძღვანელოებში აღმოჩნდა  სტანდარტთან შესაბამისობის, ასაკთან შესაბამისობის, პედაგოგიური გამართულობისა და  შინაარსობრივი საიმედოობის თვალსაზრისით. კვლევას თან ახლდა შესაბამისი რეკომენდაციები. თუმცა, შემდგომ მუშაობა ვეღარ  გაგრძელდა, რადგან 2011 წელს კვლევით ინსტიტუტს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა.
დღეს პედაგოგთა დიდ ნაწილს აქვს  სურვილი იმისა,  რომ ქართული ენის სწავლების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალოს, ამიტომ აუცილებელია ენათმეცნიერების, ენის სწავლების მეთოდიკის სპეციალისტების, პრაქტიკოსი პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი ძალისხმევა, რათა დაიწყოს დისკუსიები და კვლევები,    შემუშავდეს მშობლიური ენის სწავლების ერთიანი სტრატეგია.  საჭიროა:  1) განსაზღვროს წრე იმ საკითხებისა, რომლებიც  აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში; 2) შესასწავლი მასალა კლასების მიხედვით ისე უნდა გადანაწილდეს, რომ დაცული იყოს უმთავრესი მეთოდიკური პრინციპები - მიწოდებული მასალა ასაკობრივად დასაძლევი იყოს მოსწავლისათვის; ყოველი ახალი ცოდნა წინარე ცოდნას ეფუძნებოდეს; მთავარი აქცენტი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე  კეთდებოდეს; 3) განისაზღვროს, რომელი საკითხები უნდა ისწავლებოდეს სისტემური კურსით, რომელი - ფუნქციურ-სემანტიკურით; 4)  შეირჩეს კონკრეტული მეთოდიკური არსენალი  ყოველი კონკრეტული საკითხის შესასწავლად; 5) უმთავრესი პრინციპი  იყოს საკითხებისადმი ობიექტური და პროფესიული დამოკიდებულება.
პოსტსაბჭოთა პერიოდის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რყევებმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო დააზარალა და განათლების სივრცეც გამონაკლისი არ ყოფილა. დღეს, როცა მეტ-ნაკლებად მშვიდდება პროცესები და უკვე გატარებული რეფორმების შედეგების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური გამოცდილებაც არსებობს, ვფიქრობ, პირველ რიგში, რეალური კვლევებისა და შემდეგ,   საგნის სპეციალისტთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენების საშუალებით უნდა მოხერხდეს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება მართლაც რეალურ და ეფექტიან   მოდელად იქცეს.



2 comments:

  1. ბრწყინვალეა,გავიზიარებ სიამოვნებით.

    ReplyDelete

ჩემო მოსწავლეებო,მიგითითეთ დაპირებული მხატვრული ლიტერატურა. იმედია ,ბევრ წიგნს წაიკითხავთ და აიმაღლებთ თქვენი ცოდნის დონეს. ველოდები ...